მოქალაქე, თამარ მურადაშვილი სოციალურ ქსელში მამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გოგონა აღნიშნავს, მამამ მეხანძრე-მაშველად 25 წელი იმუშავა, სამსახურიდან კი ასაკობრივი შეზღუდვის გამო გაუშვეს.
პოსტს თამარ მურადაშვილის ნებართვით ვავრცელებთ.
“ეს ბიჭი ჩემი მამიკოა. სრულიად ჯანმრთელი, არ სვამს სასმელს, არ ეწევა სიგარეტს(არც კი გაუსინჯავს), ყოველ დილით 1 საათი დარბის, ვარჯიშობს და სულ ცოტა 25 წელი სრული თავდადებით ემსახურა საქართველოს, ქართველს ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად თავდადებით შერბოდა ცეცხლწაკიდებულ სახლებში.
გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჩააქრო მრავალი ცეცხლწაკიდებული სახლი თუ მანქანა.
გადაათენა მრავალი ღამე სიცივეში მშიერმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი, შენი და ჩვენი ოჯახისათვის ჩაექრო ცეცხლწაკიდებული ტყე, მდელო თუ სოფელი….
25 წლის განმავლობაში არასოდეს არ ჰქონია საყვედური, დაგვიანება თუ გაფრთხილება.
მან გადაურჩინა ბავშვებს მამა, შვილიშვილებს ბებია, ოჯახს ბაბუა, ცოლებს მეუღლე.
მამაჩემს ვინც იცნობთ, ყველამ კარგად იცით როგორი კაცი და რა ადამიანია. მის პიროვნულობაზე აღარაფერს დავწერ.
დღეს ის გაათავისუფლეს სამსახურიდან.
მიზეზი?
ის რომ 55 წლის გახდა.
ასე განუმარტეს თქვენ გახდით 55 წლის და კანონით აღარ გაქვთ მუშაობის უფლება.
ასე განუმარტეს და გაათავისუფლეს.
დატოვეს სრულიად უმუშევარი!
ყველანაირი კომპენსაციისა თუ პენსიის გარეშე! არცერთი თეთრი!”-წერს თამარ მურადაშვილი სოციალურ ქსელში.
