LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათმა“ გადაიწიოს მაგალითად, 11:00 ან 12:00 საათამდე: კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საახალწლო განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც „კომენდანტის საათი“ დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ჩამქრალი იქნება.

კახა კალაძის განმარტებით, განათებებზე დაახლოებით 700 000 ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, ეს თანხა ახალი ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენას მოხმარდა.

„რაც შეეხება „კომენდანტის საათს“, რომ 21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 11:00 ან 12:00 საათამდე. განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც კომენდანტის საათი დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ყველაფერი ჩამქრალი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო. თბილისის მერმა მოქალაქეებს, განსაკუთრებით პატარებს, ბოდიში მოუხადა, რომ მათი უმეტესობა, პანდემიის გამო, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას ვერ დაესწრო.