LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები რეგიონში

2020 წელს, ერთ-ერთი აქტუალური თემა ყარაბაღის კონფლიქტი იყო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კიდევ ერთი ცხელი ეტაპი დასრულდა, რომლის შედეგადაც ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა მივიღეთ. პარალელურად სომხეთში კრიზისი გრძელდება. ამ ფონზე, ძირითადი განხილვის თემა რუსეთი იყო. 2020 წელს რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება  რადიო ”ფორტუნას” ეთერში ანალიტიკოსმა, რეზი ქოიავამ შეაფასა.

2020 წლის რეგიონის პოლიტიკის შედეგები და 2021 წლის პროგნოზი

პოლიტიკური თვალსაზრისით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ყველაზე აქტიური წელი აღმოჩნდა. ამის მთავარი მიზეზი ყარაბაღის ომი იყო, რომელმაც რეგიონში ახალი სტატუსი ჩამოაყალიბა. აზერბაიჯანმა სამხედრო ძალის დახმარებით 7 ოკუპირებული რეგიონის დაბრუნება მოახრეხა და ამავდროულად, მთიანი ყარაბაღის ნაწილიც თავის ტერიტორიას შეუერთდა. შესაბამისად, რეგიონში სრულიად ახალი სურათი შეიქმნა. გარემოება უფრო ფართო მოცემულობას ატარებს. რუსეთი თავისი სამშვიდობო ძალების სახით არის ჩართული. რეგიონში უფრო აქტიურად თურქეთი გამოჩნდა, რომელმაც აზერბაიჯანს პირდაპირი მხარდაჭერა აღმოუჩინა  თავისი მნიშვნელოვანი როლი დააფიქსირა.

აზერბაიჯანმა ომი მოიგო, ხოლო რუსეთის გავლენები გაიზარდა

ნიკოლ ფაშინიანმა დააანონსა, რომ მზად არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, რომლის შედეგადაც შესაძლოა სომხეთში ძალაუფლების ახალი გადანაწილება მოხდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ რიტორიკის დონეზე გაჟღერდა, ახალი პლატფორმის შესახებ. ეს არის ძველი ინიციატივა, რომელიც ირანიდან მოდის. თუმცა ამაზე სერიოზული საუბრები არ ყოფილა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში, აშშ-ში პანდემიიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება  შიდა პოლიტიკაზე იყო გადატანილი. ამერიკის არჩევნებიდან გამომდინარე შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა ამ რეგიონს. სავარაუდოდ მომდევნო წლებში, ამერიკის ადმინისტრაცია უფრო აქტიური იქნება ვიდრე, იყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს. ამას ადასტურებს ისიც რომ 24 დეკემბერს კონგრესმა ყარაბაღის ომის შესახებ ანგარიში მოითხოვა და ბაიდენიც წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ კავკასიის საკითხების დარეგულირება მთლიანად რუსეთს და თურქეთს არ უნდა დაეთმოს.

ახალი რეალობა და საქართველო

საქართველოს მიმართ,  ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციამ დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება. ბევრი რამე დამოკიდებული იქნება იმ ინიციატივებზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისგან წამოვა. რამდენად აქტიური იქნება ბაიდენის ადმინისტრაცია და შემდეგ, რამდენად აქტიურად უპასუხებს საქართველოს ხელისუფლება.