დღეს უკვე არის დრო, როდესაც უნდა გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას, რომელიც ვფიქრობ, პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ მიიღეს რადიკალური ოპოზიციის ზეწოლის პირობებში -ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეუერთდნენ საპარლამენტო პროცესს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კონკრეტული შეთავაზებები გააჟღერეს იმისათვის, რომ კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მომხდარიყო, თუმცა როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, მათ ამ შეთავაზებებზე ოპოზიციისგან კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ. თალაკვაძის თქმითვე, ეს მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ ოპოზიციას რეალურად არ სურს, ეს შეთანხმება შედგეს.
“ყველა ამ შეთავაზებაზე ჩვენ მივიღეთ საჯარო უარი ოპოზიციისგან, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდება მათ მიერ იყო უსაფუძვლოდ გაჟღერებული და ეს ყველაფერი იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესის დასაწყებად მოგონილი. ისინი არ ელოდნენ, რომ ჩვენ გვექნებოდა ასეთი საპასუხო შეთავაზებები.
ამ ყველაფერში დაგვარწმუნა კიდევ ერთხელ იმან, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ მესიჯად დღემდე რჩება ერთადერთი, რომ ავრევთ ქვეყანას თუ არ ჩატარდება განმეორებითი არჩევნები, სხვა არგუმენტებს ჩვენ ვეღარ ვისმენთ ოპოზიციის რადიკალური ნაწილისგან.”- აღნიშნა თალაკვაძემ.
