ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა პირველი ავტობიოგრაფიული წიგნის „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“ შესახებ გადაცემაში “სხვა შუადღე” ისაუბრა. მაია ასათიანმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
როგორც თავად ამბობს, მისი წიგნის პირველი მკითხველი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მენეჯერი, ხოლო მეორე მკითხველი წიგნის მთავარი გმირი იყო.
“რაღა დაგიმალოთ და ახლა განცდა მაქვს, რომ თავიდან დავიბადე. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბევრი მეკითხება როგორ და რატომ დავწერე…
წერა დავიწყე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ მომენტში, როდესაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა. ნუცას სიკვდილის შემდეგ ვიყავი აბსოლუტურ სიცარიელეში და დავრჩი ჩემ თავთან ისევ მარტო.
ეს არ არის წიგნი სიკვდილზე. ბევრი მეკითხება – ხომ არ არის მძიმე. ეს არის წიგნი სიცოცხლეზე, ამიტომაც ჰქვია „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“.
ცოტა ზღაპარივით იწყება და ასე გადავწყვიტე, რომ ამბავი ორ პარალელურ დროს ვითარდება და შემდეგ ერთი ხდება.
ერთგვარი სამოტივაციო წიგნია, როგორ გადარჩე მაშინ, როდესაც თითქოს საშველი არსაიდან არ ჩანს. აქ არ არის აღწერილი კრიზისის მხოლოდ ერთი მომენტი. აქ არის ჩემი ცხოვრების მრავალი კრიზისი. ვერ გეტყვით, რომ გამიჭირდა, სიამოვნებით დავწერე…”
კითხვაზე, რატომ შეიძლება რომ ეს წიგნი მკითხველისთვის საჭირო იყოს, ასათიანმა ასე უპასუხა:
“იმიტომ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ძალიან უხერხულად მესმის ახლა ჩემივე სიტყვები, მაგრამ ჩემი განვლილი გზა ამის მაგალითია.
მაშინაც კი როცა ფარხმალს ვყრი, თვითგადარჩენის ინსტიქტი იმდენად ძლიერია, რომ მაიძულებს ფეხზე დავდგე.
თუ ასე მიუდგებით საკუთარ ცხოვრებას, რომ რახან გათენდა, უნდა იცხოვრო და რახან დაღამდა, უნდა დააღამო, აი შუაში, დილიდან ღამემდე, ის დრო კი არ უნდა იარსებო, უნდა იცოცხლო. “- თქვა მაია ასათიანმა.
