LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოდი, ერთად ვნახოთ, იქნებ ვიღაცამ რაღაცა იმაიმუნა და მართლა „ოცნების“ სასარგებლოდ არის გაყალბებული” – კალაძე ხმების გადათვლაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაიწერა.

ამის შესახებ კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წამოადგინა იმის დასადასტურებლად, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელიც უკრაინაში, კრიმინალ სააკაშვილთან იყო დაწერილი. ეს ამ პროცესის ნაწილია. უნდა მომხდარიყო მიზანმიმართულად ამ ყველაფრის აგორება, ხალხის გამოყვანა, ხალხი უნდა დაემუხტათ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ. ჩვენ რას ვეუბნებით ამ ადამიანებს – შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში, ჩავრთოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გაიხსნას ყველა უბანი, ვნახოთ ბიულეტენი, იქნებ ვიღაცას მოპარული აქვს ეს არჩევნები. ვაყენებთ პირობას, თუ ერთი პროცენტი მაინც იქნება არასწორი, ჩვენს სასარგებლოდ, მეორე დღესვე გამოვდივართ და ვნიშნავთ ახალ არჩევნებს. ამაზეც არ მოდიან და არ არიან თანახმა. მზად ვართ საარჩევნო უბნების კამერების ჩანაწერებიც გადავცეთ და ნახონ, შეამოწმონ. როდესაც საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, ვეუბნებით, მოდი, ერთად ვნახოთ, იქნებ ვიღაცამ რაღაცა იმაიმუნა და მართლა „ოცნების“ სასარგებლოდ არის გაყალბებული. გავხსნათ და დავთვალოთ ბიულეტენები, ყველა უბანი ვნახოთ. თუ 1% მაინც არის გადაცდომა გამოვდივართ ინიციატივით, არჩევნები თავიდან ჩავატაროთ“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ვინც არჩევნებში ბარიერი გადალახა, მმართველ გუნდს კარი არავისთვის დაუხურავს.”-განაცხადა კახა კალაძემ.