LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის სისტემა ძალაუფლებას რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოცილდეს: ხატია დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას აფასებს და ფიქრობს, რომ მისი წასვლით, „ქართული ოცნების“ პოზიციები შესუსტდა, ხოლო ოპოზიციის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.  ამ თემის შესახებ განცხადება ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გააკეთა.

“იზრდება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ზოგადად ქვეყნის შანსი, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემა, ძალაუფლებას რაც შეიძლება მალე ჩამოცილდეს. ის სისტემა, რომელიც მან დიდი „წარმატებით“ შექმნა. ჩვენი ხელისუფლების დროინდელი ძალიან დიდი ხარვეზები და შეცდომებიც უფრო კარგად გამოიყენა, ვგულისხმობ სასამართლოსა და კანონის უზენაესობის მიმართულებით,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ და დასძინა, რომ ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ყველანაირ ასპექტში იმსახურებენ, რაც კიდევ უფრო დიდი სისუსტის ნიშანია.

“ბიძინა ივანიშვილს შეეძლო, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე, რაღაცნაირად გამაერთიანებელი და ინტეგრაციის მომხრე ფიგურა წარედგინა.  ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე დისკრედიტირებული არ  იქნებოდა,“ – აღნიშნა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას ასევე თქვა, რომ არ აინტერესებს სად წავა ბიძინა ივანიშვილი, ტერიტორიულად სად იცხოვრებს, მაგრამ ერთია, რომ მისმა განცხადებამ – პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესახებ, „ქართული ოცნება“  დააზიანა და მათი პოზიციები შეასუსტა. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ეს მისთვის უდავო ფაქტია.

“გასაგებია, რომ ძალაუფლების, გავლენების შენარჩუნებას ეცდება და შენარჩუნებულიც აქვს იმდენად, რამდენადაც მისია სამართალდამცავი უწყება, მისია სასამართლო – პრაქტიკულად ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობს“.

შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტში ხატია დეკანოიძე ოპოზიციის ამოცანად პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის სადავეების ხელიდან არგაშვებას ასახელებს:

„თვითკრიტიკულად ვიტყვი და პირველ რიგში საკუთარ თავს ვგულისხმობ. ჩვენი, ოპოზიციის ამოცანაა –  „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, არავითარ შემთხვევაში აღარ დავანებოთ. უნდა შევქმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი ისევე, როგორც შევქმენით მაგალითად პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიუნიჭებლობის შემთხვევაში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანობის დემონსტრირება იყო.

ახლა მთელი კონცენტრაცია, ძალა, პოლიტიკური სურვილი მიმართული უნდა იყოს იქით, რომ ის უსამართლო სისტემა, რომელიც არსებობს და ვიმეორებ „წარმატებით“ წინა ხელისუფლებებიდან გადმოტანილი შეცდომების ბუკეტზე აგებული სასამართლო, წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაში არსებული სასამართლოს სისტემა და უსამართლო პოლიტიკური მართლმსაჯულება – აი, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ძალიან ფართო ფრონტი“ უნდა გავშალოთ,” – განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის ჩაქრობის გზა რიგგარეშე არჩევნებია.

„მოდის თვითმმართველობის არჩევნები და ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის პირობებში, არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებაზე ორიენტირება, ყველა პარტიისთვის არის უპირობო. ჩვენი დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება შემდეგი: ჯერ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს, შევხედავთ და ოპოზიციური გაერთიანება რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს იქნება ჩვენი  გადაწყვეტილებების კონსტრუქცია.

“იცით,  „ქართულ ოცნებაზე“ და მათ პოლიტიკურ ლიდერებზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ მესახება შემდეგნაირად: თუ ოდნავ მაინც სურთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, მათ შორის ეკონომიკური კრიზისის ცუნამი მოდის, ამის პარალელურად, მაშინ  „ქართული ოცნების“ ადგილას, ახალი ან რიგგარეშე არჩევნების ვადებზე საუბარს დავიწყებდი, რადგან ეს  რეალურადპოლიტიკური კრიზისის ჩასაქრობად,  ახალი განმუხტვის საშუალება იქნებოდა“, – განაცხადა ენმ-ს ლიდერმა.