არსებული დოკუმენტი, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა, ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის ღიაა. შესაბამისად, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს შეუძლიათ ამ დოკუმენტს შეუერთდნენ. ამის შესახებ, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
”ისინი არიან დეპუტატები, ვიდრე უფლებამოსილება შეუწყდებათ და მათ აქვთ საშუალება, რომ ამ დოკუმენტს შემოუერთდნენ. ეუთო-ოდირის რეკომენდაციებიდან დაწყებული, მათ მიერ დაყენებული საკითხებით გაგრძელებული, მაგალითად როგორიცაა 0-დან 3%-იან ბარიერზე მსჯელობა. ანუ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ 4 და 5%-იანი ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ, იქნება მსჯელობა მხოლოდ 0-დან 3%-მდე, ანუ 3%-იანი უკვე გარანტიაა და დანარჩენი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგად შეიძლება გადაწყდეს იმ შემთხვევაში თუ, საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს”. – განაცხადა, მდინარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დეპუტატს ეშინია რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ბულინგის, მაგრამ მეორე მხრივ, სურთ, რომ იყვნენ რაციონალურები და პარლამენტში საქმე აკეთონ.
”მზად ვართ შევხვდეთ ნებისმიერ მათგანს და ველაპარაკოთ იმ თემებზე, რაზეც ვლაპარაკობთ ”გირჩთან”, ”მოქალაქეებთან” ან სხვებთან, რომელთა დასახელებისგან ახლა თავს იმიტომ ვიკავებთ, რომ თავად არ სურთ ამის გახმოვანება. როდესაც ისინი ამ ინფორმაციას გაასაჯაროებენ, ჩვენც დავადასტურებთ, რომ გვაქვს გარკვეული კომუნიკაცია”. – აღნიშნა, მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია ”მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.
