LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაციას განსაკუთრებული 3 მარტი: „მშობლები შვილებს საკუთარი მაგალითით აჩვენებენ კარგსაც და ცუდსაც…“

„ამ სიყვარულებისთვის გავჩნდი მადლობა ჩემი ბედნიერი ცხოვრებისთვის ჩემს შვილებს. დედიკოებო, გილოცავთ“, დაწერა ტელეწამყვანმა, მომღერალმა თიკა ფაცაციამ და სამ ვაჟთან ერთად დღეს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ბედნიერი ოჯახის ერთი დღე, 3 მარტის განსაკუთრებული მილოცვით დაიწყო. ბიჭებმა თიკას ბარათებზე განსაკუთრებული გზავნილები დაუწერეს, რომელმაც ბედნიერ დედიკოს გული აუჩუყა…

როგორ მოგილოცეს შვილებმა და შენ როგორ მიულოცე დედას დღევანდელი დღე?

თიკა ფაცაცია:

შვილებმა მომილოცეს თავისი შექმნილი ბარათებით და თავიანთი ლექსიკით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. დამიწერეს თბილი სიტყვები, რაც ძალიან გულისამაჩუყებელი იყო. ეს არის ის, რაც დედას ყველაზე ძალიან უხარია. ამას მოჰყვა ჩახუტებები და დააგვირგვინა ეს მოლოცვა…

დედას ჯერ მხოლოდ ტელეფონით მივულოცე… მერე მითხრა, რომ ყვავილებსაც მივიღებო. ჩემგან თაგიულს ელოდება, რომელსაც აუცილებლად მივართმევ.

როგორც ერთ-ერთ წარმატებულ, მრავალშვილიან ქალს, რა გამოწვევები გაქვს, როგორც სამი შვილის დედას?

ამას წინათ მოვისმინე კითხვა, როგორ ახერხებენ ქალები, დაუთმონ დრო შვილებს და თან, საკმაოდ დატვირთული გრაფიკით იმუშაონ და ცოტა გავბრაზდი. რას ნიშნავს, როცა შვილი მყავს, იმისთვისაა, რომ მას დავუთმო ყველაფერი, რაც გაამჩნია, მათ შორის, დროც. არ ვგულისხმობ, რომ 24 საათიდან 24-ვე უნდა დაუთმო, მაგრამ ჩემი შვილები ჩემთვის გავაჩინე. მთავარი და უპირატესი ეს არის. ის, რომ ჩემი საქმე მაქვს და ისინი ხედავენ, რომ რეალიზებული ადამიანი ვარ, მათთვისაც და შემდგომ, მათი მეორე ნახევრების ბედნიერი მომავლისთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრჯერ გამიგია და მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მშობლები შვილებს საკუთარი მაგალითით აჩვენებენ კარგსაც და ცუდსაც, გააზრებულად თუ გაუაზრებლად… შეიძლება, მშობელი იყოს დაკავებული და რეალიზებული, მაგრამ ეს ყველაფერი ოჯახურ ცხოვრებასთან კარგად ჰქონდეს შეთავსებული.

შვილებთან ურთიერთობაში კი მთავარია უპირობო, უანგარო, დაუფიქრებელი და ხშირი სიყვარული, რომელიც შენც უნდა გამოხატო და შვილებსაც ხელი უნდა შეიწყო ამის გამოსახატავად. დღეს გვქონდა გადაცემაში თემა, როგორ უნდა გაზარდო ხარისხი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. არსებობს სიყვარულის ენა და კარგია, როცა ადამიანები ამ ენაზე საუბრობენ.

ბიჭების დედობა დამატებითი ფორიაქის თემა ყოფილა შენთვის?

არ ვიცი, როგორია გოგონას დედობა, რადგან სამი ბიჭი მყავს. მგონია, საწყის ეტაპზე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, სანამ ბავშვები პატარები არიან. შეიძლება, მერე დედებს მეტი საზიარო აქვთ გოგო შვილებთან.

რაც შეეხება ნერვიულობასა და ფორიაქს, უფროსმა ბიჭმა უკვე გაიარა ყველანაირი გარდატეხის ასაკი და მისი თინეიჯერობისას დიდად არ მქონია სანერვიულო, ამიტომ არ მგონია, სანერვიულო თემებს სქესი განაპირობებდეს. რასაკვირველია, ღელვის მიზეზები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ კარგია, როცა მამაც არის ჩართული ამის გასაზიარებლად და პრობლემების გადასაწყვეტად.

როგორც დედას, გაქვს ინტუიცია და მოლოდინები?

შვილებთან მიმართებაში გვაქვს გარკვეული მოლოდინები, შესაძლოა, თუკი მათ გვიმართლებენ, ეს ინტუიცია გვგონია, ბოლო დროს ამ ორ რაღაცას ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებ. რასაკვირველია, მაქვს ხოლმე ბევრი ფიქრი და მოლოდინი, ვცდილობ, ვისწავლო მათი მართვა. ამბობენ, ხშირად ცუდისკენ მიდის ეს ფიქრები, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ამის მართვა შესაძლებელია. ყველას, ვინც ამით არის დაინტერესებული, ძალიან წაადგება სხვადასხვა მასალის მოძიება და წაკითხვა ამ თემაზე.

ინტერვიუ: ნინო მურღულია