დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 31 შემთხვევაა დადასტურებული.
თუმცა იქვე დასძენს, რომ ბრიტანული შტამის ფართოდ გავრცელება ამ ეტაპზე, ქვეყანაში არ ფიქსირდება და დღესდღეობით, სულ სამი კლასტერია გამოვლენილი.
მისივე ინფორმაციით, ყველა მათგანი მსუბუქი მიმდინარეობის იყო და მკურნალობას სახლის პირობებში გადიოდნენ.
„საბედნიეროდ, ესენი იყო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, ისინი იმყოფებოდნენ კარანტინში სახლის პირობებში.
ფაქტი ის არის, რომ ბრიტანული შტამისგან ისევე იცავს ნიღაბი და დისტანცია, როგორც სხვა შტამებისგან, ჩვეულებრივისგან. ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში სამხრეთ აფრიკული შტამი არ დადასტურებულა, ასევე არ დადასტურებულა ბრაზილიური შტამი. მუშაობა ყოველდღიური მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საეჭვო შემთხვევები ბრიტანული და ამასაც ვსწავლობთ. – განაცხადა „რუსთავი 2“-ის „დღის კურიერში” პაატა იმნაძემ.
