“რაც უნდა პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ ჩვენ, კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, მითუმეტეს, იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც აანონსებენ რევოლუციურ სცენარებს, მზად ვართ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა და განმარტა, რომ ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან იკვეთება დაინტერესება, კომპრომისების მიღწევასთან დაკავშირებით.
ანრი ოხანაშვილი ასევე ამბობს, რომ არსებობს ცალკეული საკითხები, რომელზეც კომპრომისი ვერ შედგება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ აუცილებელია რესურსის გამონახვა პოზიციების დასაახლოვებლად:
“გვაქვს მოლოდინი, რომ ის დიალოგი, რომელიც არის დაანონსებული, შედგება. ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, მითუმეტეს იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც აანონსებენ რევოლუციურ სცენარებს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მზად ვართ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. თუმცა, ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ეს უნდა იყოს ორმხრივი, ვინაიდან წარმოუდგენელია რაიმე შეთანხმების მიღწევა, თუ არ არის ორმხრივი კომპრომისები. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
არის ასევე გამოკვეთილი საკითხები, რასთან მიმართებაშიც ვერ შედგება ვერანაირი კომპრომისი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე ულტიმატუმებით ვსაუბრობთ. ჩვენ გვესმის, რომ დიალოგი ნიშნავს არა ულტიმატუმის ენით საუბარს, არამედ შესაძლებლობების გამონახვას, სადაც შეგიძლია პოზიციები დავაახლოვოთ. ვნახოთ, რამდენად იქნება ამის მზაობა ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, თუმცა, ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან აშკარად იკვეთება დაინტერესება, რომ ასეთი კომპრომისები შეიძლება იქნეს მიღწეული”. – თქვა ოხანაშვილმა.
