“დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. გუნდის მხრიდან გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან.”-ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენრალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მან მხარეებს შორის დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპრომისებთან ერთად, მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე:
“კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოლაპარაკებას, ალტერნატივა არ აქვს. თუ ჩვენ ვფიქრობთ ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე, იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, არსებული პანდემიის ძალიან სწრაფად დაძლევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ დიალოგს, საუბარს არ აქვს ალტერნატივა და ასევე, კომპრომისებს.” – თქვა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქამდე არსებულ მოთხოვნებს უცვლელად ტოვებენ – ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუმცა მოთხოვნა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიტიკოსებს დღის წესრიგში აღარ დაუყენებიათ, ისინი ამბობენ, რომ ახალი მოთხოვნებით, არ მისცემენ საბაბს მმართველ გუნდს – ჩაიშალოს დიალოგი.
