LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მინდა იყო ჩემი მზე” არის  ერთი მშვენიერი ახალგაზრდა ბიჭის და გოგონას სიყვარულზე – გიორგი დათიაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” მუსიკოსი გიორგი დათიაშვილი სტუმრობდა სიმღერის პრემიერით ,,მინდა იყო ჩემი მზე”, რომლის ახლებური ვერსია სიმღერის ავტორთან გიგა კვენეტაძესთან ერთად ჩაწერა. გადაცემის ბოლოს კი სატელეფონო ხაზზე ჩაგვერთო გიგა, რომელიც გვესაუბრა სიმღერის შექმნის ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე.

სიმღერა ,,მინდა იყო ჩემი  მზე”, რომელმაც გაუძლო წლებს ვის ეკუთვნის?

გიორგი დათიაშვილი ამ სიმღერით გაიცნო ყველამ. მთელი ჩემი წარმატებული კარიერა, სიმღერიდან გამომდინარე, ეკუთვნის გიგა კვენეტაძეს. როდესაც მოვისმინე ძალიან მომეწონა და მინდოდა ჩემი სიმღერა ყოფილიყო. ამ ადამიანს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სიმღერების წერის. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და არ ვიცოდი რამხელა შრომა იდებოდა სიმღერის შექმნისას და შემდეგ მისი ჩაწერისას. როდესაც გავხდი ხმის რეჟისორი და არანჟირებების ავტორი შემდეგ მივხვდი, რამხელა შრომა ჩადო გიგამ ამ ყველაფერში.

დღეს ახლებურ ვერსიას ვაპრემიერებთ, თუმცა, როგორც ვიცი რუსული ვერსიაც შეიქმნა, მოგვიყევი ამის შესახებ..

პანდემიის გამო სახლში მიწევდა დიდი დროის გატარება. ერთ დღესაც სოციალური ქსელისთვის გადავიღე ლაივ ვერსია, თუ როგორ ვმღერი ამ სიმღერას კლავიშის თანხლებით. იმ საღამოსვე მომწერა გიგამ ავტორთან ერთად ხომ არ მინდოდა ახალი ვერსიის გაკეთება, რა თქმა უნდა დავთანხმდი. რადგან გიგა მოღვაწეობს რუსეთში, ამ მიზეზით გაკეთდა რუსული ვერსიაც.  დისტანციურად მოხდა პარტიების ჩაწერაც. ვიდეორგოლის გადაღებაც იგეგმება, ჩემს გამო ცოტა დაგვიანდა ამიტომ გიგას ვუხდი ბოდიშს. იყო იდეა, რომ გიგას მოსკოვში გადაეღო თავისი პარტია, მე აქ, თუმცა ვერ შედგა ეს ამბავი ამ ეტაპისთვის.

შენს ხმის ჩამწერ სტუდიაზეც გვესაუბრე..

სტუდიამ გადაინაცვლა სახლში, მაქვს გამზადებული ჩემი ბევრი საავტორო სიმღერა, რაზეც ვაპირებ  ვიდეორგოლის გადაღებას,  თუმცა არ ვჩქარობ, რადგან მინდა ეს ყველაფერი შევფუთო ლამაზად. ჯერ-ჯერობით  სიახლე და ყოველდღიური საქმიანობა არის ის, რომ  ვაკეთებ ხმის ჩამწერ სტუდიას, რომელსაც მეტი გასაქანი ექნება ჩემთვისაც და ლაივ მუსიკოსებისთვისაც, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. ალბათ მინიმუმ ორი თვე დასჭირდება ამ საქმეს სისრულეში მოსაყვანად.

სატელეფონო ხაზზე გვერთვება გიგა კვენეტაძე სიმღერის ისტორიით..

ჩემს ყველა სიმღერას თავისი ისტორია აქვს. ”მინდა იყო ჩემი მზე” არის  ერთი მშვენიერი ახალგაზრდა ბიჭის და გოგონას სიყვარულზე. ეს სიმღერა გიორგიმ  თავის დროზე არაჩვეულებრივად შეასრულა, რომელიც გახდა არა პოპულარული, არამედ ჰიტი. ამისთვის კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას. ახალი წლის პერიოდი იყო, როდესაც მე და გიორგი ერთმანეთს შევეხმიანეთ, საუბრისას კი შევთავაზე გაგვეცოცხლებინა ეს სიმღერა, ახლებური ვერსიით. გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა როგორც ქართული, ისე რუსული ვერსიაც, რომლის ლექსის ავტორი გახლავთ ჩემი მეგობარი, პოეტი  ჯულიას სონი. დაგვიწერა ლამაზი ტექსტი და ვფიქრობ, რომ რუსეთშიც ძალიან პოპულარული გახდება. ინსტაგრამზე ბევრმა ჩემმა ცნობილმა მეგობარმა გაიზიარა სიმღერა, მათ შორის ქეთა თოფურიამ, ”ა სტუდიომ”..  რუსული ვერსიის სახელწოდება კი არის ”შენ ჩემი აღარა ხარ”. ჩაიწერა დისტანციურად ჩემსა და გიორგის სტუდიაში, სიმღერას საბოლოო სახე და მასტერინგი კი ჩემს სტუდიაში გაუკეთდა.

სამომავლო გეგმებზე, რომ გვესაუბროთ და თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

წინ გველოდება ბევრი კონცერტი, ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. როგორც დაგპირდით ბევრი სიახლით და პრემიერით გავახარებ ქართველ მსმენელს. ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და მიყვარხართ ძალიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში ჩამოვალ და ერთ საინტერესო კონცერტსაც შემოგთავაზებთ.

 

გიგა კვენეტაძე & გიორგი დათიაშვილი – მინდა იყო ჩემი მზე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი დათიაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები