„წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით. გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის (ბრიუსელში) ვიზიტის შემდეგაც”,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დაგეგმილი საერთო შეხვედრა აღარ გაიმართება და დიალოგი მომდევნო პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელსი ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.
“გარკვეული საკითხები დამატებით დაზუსტებას საჭიროებს და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
გამომდინარე იქიდან,რომ მოლაპარეკებები არის გასაგრძელებელი, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას. ანუ დეტალებზე საუბარი გაგვიჭირდება გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებული ვართ ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან. მე ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ პირობას არღვევენ პერმანენტულად ოპოზიციის წარმოამდგენლები, მუდმივად არღვევენ ამ პირობას და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის პირობის უხეში დარღვევა. ჩვენ ამ პირობას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მანამდე კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
