ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ანა დოლიძეს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მათ, ვისაც ღირსებას ულახავენ, წამების მსხვერპლის სტატუსი ენიჭებათ.
„ღირსების განსაკუთრებით შემლახველი გამოცდილების მქონე ადამიანებს ფსიქიატრიაში ენიჭებათ წამების მსხვერპლის სტატუსი. ეს რომ იცოდეთ მაინც.
სამწუხაროდ, მწამებლების ნაკლებობას ქვეყანა არ განიცდის და როცა მწამებლებს ქვეყანაში არ სჯიან და უფრო უარესი, პირიქით, ხელისუფლებები უწევენ ორგანიზებას, ის ქვეყანა ავადაა თავიდან ფეხებამდე.
მხარდაჭერა ანას.
ჩვენ თუ ნორმალური საზოგადოება გვინდა ვიყოთ, არ უნდა დავუშვათ, რომელიმე ადამიანი გახდეს მსხვერპლი“.
მცირე ხნის წინ, ქალთა მოძრაობა გამოეხმაურა 21 მარტს ტელეკომპანია მთავარის ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ივანე გულაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ქალთა მოძრაობის განცხადებაში აღნიშნულია: „ივანე გულაშვილმა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მოგვითხრო ქალი პოლიტიკოსის, ანა დოლიძის, შესაძლო ფარული თვალთვალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ანა დოლიძე თავად გამოეხმაურა ინტერვიუს და ადასტურებს ივანე გულაშვილის მიერ აღწერილი ნივთების არსებობას მის საკუთრებაში მყოფ ბინაში, თუმცა გულაშვილის მიერ გაჟღერებულ თარიღებთან მიმართებით გამოთქვამს გარკვეულ ეჭვებს. ეჭვგარეშეა, რომ ანა დოლიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო თვალთვალი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობას“.
ის ხალხი, ვინც ფარული ჩანაწერების დავალებას იძლევა და ახორციელებს, კარგად არ მიცნობს: ანა დოლიძე “ოცნებას” მიმართავს
