გერმანიის მკვიდრმა ახალი Ferrari F8 Tributo 360 000 ევროდ შეიძინა. ყიდვიდან 6 საათის შემდეგ მამაკაცი სერიოზულ ავარიაში მოხვდა და სუპერქარი ისე დაამტვრია, რომ მისი შეკეთება შეუძლებელია.
43 წლის მამაკაცი სასურველ ავტომობილს მთელი ერთი წელი ელოდა, რადგან სადილერო ცენტრს მისთვის სასურველი დეტალებით დაემზადებინა. ყიდვის დროს გერმანელმა არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ კუპეს ზაფხულის საბურავები ჰქონდა. სულ რამდენიმე საათში მან სიჩქარეს გადააჭარბა, მართვა დაკარგა და ავტობანზე სერიოზულ ავარიაში მოხვდა.
„ფერარი“ ბეტონის წინაღობას შეასკდა და დარტყმისგან უკანა საბურავი მოსძვრა. გარდა ამისა, სუპერქარი გზად მიკროავტობუსსაც დაეჯახა და კიდევ ერთი წინაღობა დააზიანა. ავარიის შედეგად სუპერქარის წინა ნაწილი სულ განადგურდა. უსაფრთხოების ბალიშების დამსახურებით მძღოლი გადარჩა, თუმცა ახალი სპორტქარით დატკბობა ნამდვილად ვერ მოასწრო.
Ferrari F8 Tributo 3,9 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა დაკომპლექტებული და 720 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველ ასეულამდე მოდელი 2,9 წამში ხურდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ–ია.
