LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გახდება ალიანსის წევრი, რასაც თქვენთან ერთად ვიზეიმებთ – როსარია პუგლისი

ნატო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი და ჩემნაირი ადამიანების სამუშაო გახლავთ დაგიჭიროთ მხარი, რათა გახდეთ უფრო ძლიერები, უნარიანები და მომზადებულები, რათა გახდეთ ალიანსის წევრები, – ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, როსარია პუგლისიმ პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ის გახდება ნატო-ს წევრი, როგორც იყო გაცხადებული ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს.

კითხვაზე, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, როსარია პუგლისმა უპასუხა : „როცა შესაფერისი დრო მოვა და ჩვენ ამას თქვენთან ერთად ვიზეიმებთ“.

როსარია პუგლისიმ ასევე აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვენლოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის 69 პროცენტი აცხადებს, რომ სურთ, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი.

“ეს პატარა რიცხვი არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ეს მხარდაჭერა იქნება ხანგრძლივი და მდგრადი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები კარგად არიან ინფორმირებული.

ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ, რა ხდება ამ ურთიერთობების თვალსაზრისით , ყველა ნაბიჯთან მიმართებაში. ზუსტი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ქვეყანა, რომელიც არის ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ჰიბრიდული ომის, მუდმივ დეზინფორმაციის გამოწვევის წინაშე. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება და რას ვაკეთებთ“ – განაცხადა როსარია პუგლისიმ.

მან ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის.

„გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნა უკანონოა და რომ რუსეთი არის ამ რეგიონებში არსებული სიტუაციის დე ფაქტო მმართველი და ის პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე, რასაც ადგილი აქვს ამ სამხედრო ყოფნის შედეგად“- აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.