„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე NDI- ის მიერ ჩატარებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებს.
„NDI–ს მიერ ჩატარებული კვლევა ტყუილია, ორგანიზაციის ხელმძღვანელთან პარასკევს შეხვედრას გავმართავ და “მკაცრი საუბარი” მექნება“ . – ამბობს გიორგი ვაშაძე.
მისი თქმით, პარტიის მხარდაჭერა არჩევნების შემდეგ თითქმის გაორმაგდა და “მყარად მესამე ადგილზე” არიან.
მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას ენდობა - „ქართულ ოცნებას“ 23%, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 7% უჭერს მხარს: NDI
გამოკითხულთა 7 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
“ეს არის არასწორად ჩატარებული კვლევა, ღია კითხვით. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არცერთი პარტიის რეიტინგს არ იკვლევენ ღია კითხვით, ჩამონათვალის გარეშე. ასეთი რეიტინგული კვლევა არ არსებობს. მეთოდოლოგია არასწორია და ჩემი აზრი იციან ამ ადამიანებმა. მე მექნება მათთან ძალიან მკაცრი საუბარი იმიტომ რომ ასეთი ცრუ წარმოდგენების და შთაბეჭდილებების შექმნა არ შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. მე არ ვიცი, რომელმა კრეტინმა სოციოლოგმა გააკეთა ეს კითხვა და ვინ თქვა, რომ ამით რეიტინგის კვლევა შეიძლება”. – ამბობს ვაშაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას.
გადაცემაში ვაშაძე სტამბოლიდან ჩაერთო.
შეგახსენებთ, გუშინ NDI- ის ახალი კვლევები გამოქვეყნდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს.
კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან, გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 7% ნაციონალურ მოძრაობას, 7% კი სხვა პარტიებს.
ამავე კითხვაზე პასუხი არ გასცა 14%-მა, ხოლო 8%-ს პასუხი არ აქვს.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს.
