LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ, ჰოსპიტლები იტვირთება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების წინაშეა და ყველა ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში სერიოზული შიდა გავრცელებაა დაწყებული.

“მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ. 10 კლასტერია უკვე სხვადასხვა რეგიონში, რეალურად, შეიძლება მეტი იყოს, ჰოსპიტლები იტვირთება, 100 000 მოსახლეზე გავრცელების მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი იზრდება. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დიდია ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ სერიოზული შიდა გავრცელებაა დაწყებული”.- განაცხადა გამყრელიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში და მოსახლეობას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

“პირბადე უნდა ვატაროთ ყველგან, დახურულ თუ ღია შენობაში – ყველგან, ვინც ერთჯერადად აიცრა – მათაც; მეორე – 2 მეტრიანი დისტანცია; მესამე – სანიტარული წესების დაცვა და ჰიგიენა; მეოთხე, რაც მთავარია – ყველა იმ კლასტერის, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ინიცირება მოხდა დიდი თავყრილობებიდან: ქორწილი, ქელეხი, და ა.შ. ხომ შეიძლება შევთანხმდეთ საზოგადოება, რომ რთულ პერიოდში ვართ და ცოტა ხანს თავი შევიკავოთ. დაბადების დღე აღვნიშნოთ ოჯახში, 3-5 კაცი, ქორწილი ძალიან კარგია, ბევრი იყოს ქვეყანაში, მაგრამ მოკრძალებულად აღვნიშნოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რისკი დიდია; მეხუთე – ვაქცინაციის ინტენსივობა. ამ ხუთი მდგენელით ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა და ძლიერი შეზღუდვების ალბათობა,”- აცხადებს გამყრელიძე.