“ვხედავ, რომ ეს დოკუმენტი შეგვიძლია საბაზისოდ ავიღოთ, დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და ასევე დავამატოთ რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოებას შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდის შესახებ ეცოდინება.
როგორ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, თუმცა, ის გამოსავალს სწორედ მედიატორ, კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ცვლილებებში ხედავს.
“სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ. უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება და რა ფორმატით იქნება. ვხედავ, რომ ეს დოკუმენტი შეგვიძლია საბაზისოდ ავიღოთ, დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და დავამატოთ ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს.
შესაბამისად, ეს გზა არსებობს, მე მინდა შეთანხმების გზით სვლა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა ცოტა მაინც შევამსუბუქოთ, რომელიც დღეს არის და გადავერთოთ ეკონომიკის განვითარებაზე, ხალხის პრობლემებზე მუშაობაზე, თუნდაც გამოვიყენოთ საპარლამენტო მექანიზმები ამისთვის, მაგრამ ამას შეთანხმება სჭირდება,” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა.
რაც შეეხება ინდივიდუალურ შეთანხმების შესახებ დასმულ შეკითხვას, გიორგი ვაშაძემ კითხვას ასე უპასუხა: “არ განვიხილავ, რა თქმა უნდა, რადგან შეთანხმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება – მას ბევრმა მხარემ უნდა მოაწეროს ხელი და რაც მთავარია ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც გარანტია იმის, რომ აღებული ვალდებულებები ყველა მხარის მიერ აუცილებლად შესრულდება”, – განაცხადა ვაშაძემ.
