თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებული ამნისტია ყველას შეეხება.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ეს შეთანხმების დოკუმენტში არის ჩაწერილი.
„ამნისტია შეეხება ყველას, ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, რომ ისინი მას არ გამოიყენებენ და ამის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას.
გაუგებარია ის კითხვები, რაც ისმის ამნისტიასთან მიმართებით. თავიდან მოთხოვნა იყო ამნისტიაზე, მიიღწა შეთანხმება, ხელი მოეწერა დოკუმენტს, ამაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები. ახლა გაუგებარია ეს კითხვები”, – თქვა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერა. დოკუმენტის ერთერთი პუნქტი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.
დღესვე დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ – კალაძე
