პარტია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები განიხილა.
გამოიყენებს, თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, რადგან მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან კონკრეტულად ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
“დღეს შევხვდი ქალბატონ პრეზიდენტსაც ამ თემასთან დაკავშირებით და ვილაპარაკეთ. ეს იყო ყველაზე საინტერესო საკითხი, რომელიც ჩემი აზრით, ეწინააღმდეგებოდა ამ წუთას შარლ მიშელის მიერ დადებული დოკუმენტის სულისკვეთებას. მე პარლამენტში არ წარმოვადგენ დიდ პარტიას, ოპოზიციონერებიც იქ არ არიან, მაგრამ ჩემი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო საბჭოთა ადმინისტრაციული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების წინააღმდეგ ბრძოლა…[ვეტოსთან] დაკავშირებით საუბარი არ გვქონია, მას აინტერესებდა უბრალოდ ჩემი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით, რატომ ვიყავი კრიტიკული და რატომ მიმაჩნდა ეს იმ დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ რომელსაც მივაღწიეთ ბატონი შარლ მიშელის და დანიელსონის დახმარებით”. – განაცხადა ხვიჩიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული — ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის. მას შემდეგ, რაც პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ეს საკითხი აქტიურად განიხილება.
