LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანს ვაქცინაცია თუ უნდა, ის რამდენიმე დღეში უნდა იცრებოდეს, ლოდინის საჭიროების წინაშე არ უნდა დავაყენოთ – კულუბეგოვი

საქართველოში ბოლო პერიოდში გართულებული ეპიდვითარებისა და კოვიდინფიცირების მაღალი დღიური მაჩვენებლების ფონზე, სიტუაციის გამოსწორების და პიკური პერიოდის შედარებით მარტივად გადალახვის გზად, დაწესებული რეგულაციების დაცვასთან ერთად, სპეციალისტები აქტიურ ვაქცინაციას ასახელებენ.

ამასთან, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ვაქცინაციის ცენტრები უნდა გააძლიეროს, რათა აცრის მსურველებს ლოდინი არ მოუწიოთ. მისივე განმარტებით, თუ ადამიანს ვაქცინაცია უნდა, ის რამდენიმე დღეში უნდა იცრებოდეს.

„რადგან ახლა ვაქცინაზე მოთხოვნა უფრი მეტია, ვიდრე მიწოდების შესაძლებლობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააძლიეროს ვაქცინაციის ცენტრები. მეტი ჩართულობა უნდა იყოს, მეტი მოცულობის სივრცეები გვჭირდება ჩვენ, როგორც ჩვენ უცხოეთში ვხედავთ, ისეთი მასშტაბის. ალბათ, ამაზე ზრუნავს სახელმწიფო და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში იქნება.

ადამიანები ორ და სამკვირიანი ლოდინის საჭიროების წინაშე არ უნდა დავაყენოთ, ადამიანს ვაქცინაცია თუ უნდა, ის რამდენიმე დღეში უნდა იცრებოდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის საზოგადოების ისეთი ნაწილი, რომელიც დღესვე მზად არის, გაიკეთოს ვაქცინა, მაგრამ როდესაც ჩვენ მივაღწევთ იმ ნიშნულს, რომ 100-200 ათასი აცრილი გვეყოლება, მერე ეს პროცესი ასეთი აქტიური არ იქნება.

ამიტომ უნდა დავინახოთ, სად გადის ზღვარი, სად ბუნებრივად მიდის პროცესი, ზედმეტი დახმარების გარეშე და სად იქნება ის კრიტიკული მომენტი, როდესაც სახელმწიფოს ჩართულობა თუ სწორი კომუნიკაციური კამპანიის გაძლიერება იქნება საჭირო. ეს პერიოდი უდაოდ დაუდგა ევროკავშირის ქვეყნებს და ისრაელსაც კი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვისაც სურვილი აქვს, სწრაფად აიცრან“. – ბიძინა კულუმბეგოვის აღნიშნულ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.