LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო „სინოფარმის“ ვაქცინის კიდევ 100 ათას დოზას უსასყიდლოდ მიიღებს, ხოლო 500 ათას დოზას შეიძენს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო წითელი ჯვრის მეშვეობით „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათას დოზას მიიღებს, ხოლო ჩინეთში საელჩოს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, 500 ათას დოზას შეიძენს.

ამის შესახებ გამყრელიძემ “პირველ არხს” განუცხადა.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. წითელი ჯვრიდან მყარი დაპირება არის, რომ საქართველო მათი საშუალებით, დონაციის სახით და არა შესყიდვით, მიიღებს 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინას. თუმცა თარიღი არ არის ჯერ დაზუსტებული, როდის იქნება მოწოდება.

რაც შეეხება დანარჩენ 500 000 დოზას, ასევე გიდასტურებთ, რომ დიახ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება „სინოფარმის“ ხელმძღვანელობასთან პეკინში ჩვენი საელჩოს საშუალებით და მიღწეულია შეთანხმება, რომ 500 000 დოზას საქართველო იყიდის „სინოფარმისგან“. ვაქცინა ქვეყანაში ივნისის მეორე ნახევარში შემოვა“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.