გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა.
ეწვმიტანილი დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა.
“აღნიშნული დანაშაულის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 21 მაისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 25 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს გაუპატიურებას, ჩადენილს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
