დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ივლისიდან ოქტომბრამდე ქვეყანაში კორონავირუსის 3 მლნ 200 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა შემოვა.
„მოგეხსენებათ, ვაქცინებთან დაკავშირებით გლობალური დეფიციტია. აქამდე ქვეყანამ ვაქცინის 315 ათასი დოზა მიიღო, რომლის ადმინისტრირებაც ხდება. ივლისი-აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი უკვე გადაწყვეტილია, არსებობს ძალიან მაღალი დასტური, რომ დაახლოებით 3 მლნ 200 ათასზე მეტი ვაქცინის დოზა შემოვა“,-აცხადებს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსის ვაქცინებს გადასცემს.
გამყრელიძე არ აკონკრეტებს, რომელი წარმოების ვაქცინას გამოუყოფს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, თუმცა დასძენს, რომ
„დიდი ალბათობით, ერთ-ერთი ამერიკული წარმოების ვაქცინის რამდენიმე ათეულ ათას დოზას მივიღებთ, ეს იქნება ზაფხულში“.
