LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას გუნდის მოქმედება ცხადყოფს, რომ ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ის ლეგიტიმური ბრალდებები, რომლებიც მათი მისამართით ისმის: ღუდუშაური

“გახარიას გუნდის მოქმედება ცხადყოფს, რომ ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ის ლეგიტიმური ბრალდებები, რომლებიც მათი მისამართით ისმის. ვიდრე აღნიშნულ განცხადებას პროკურატურაში შეიტანდნენ, იქნებ მანამდე საზოგადოებას კარი გაუხსნან და ანახონ, ეს პარტია საიდან ფინანსდება.” – ამ განცხადებით უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” მოთხოვნას, ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

გახარიას პარტიამ კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და სუს-ს მიმართა

ღუდუშაური პარტიის წევრებს ურჩევს, საზოგადოებას აუხსნან, მათი თამაშის მანერა და მოქმედება დროსა და სივრცეში როგორ ემთხვეოდა “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს:

“იმ შეკითხვებს გასცენ პასუხი, განსაკუთრებით გახარიამ, თუ რისთვის სჭირდებოდა ის ორი დღე, როდესაც ითხოვდა გუნდისგან, რომ ორი დღე შეყოვნებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. საზოგადოებას აუხსნან მათი თამაშის მანერა და მოქმედება დროსა და სივრცეში როგორ ემთხვეოდა “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს. პასუხი ამ კითხვებზე გასცენ და ამის შემდეგ გააკეთონ განცხადებები, რომლებსაც გამოძიების დაწყებაზე ვისმენთ.

პროკურატურაში კამერების წინ პოპულისტურად გამოძიების დაწყების მოთხოვნა მათი მხრიდან იმ მოქმედებას ჰგავს, როდესაც წყალწაღებული ადამიანი ხავსს ეჭიდება. მანამდე შეკითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი. საზოგადოებას კონკრეტულ შეკითხვებზე მათი კონკრეტული პასუხები სჭირდება.” – თქვა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას გუნდის მიერ ახლადდაფუძნებულმა პარტიამ “საქართველოსთვის” ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.

განცხადების მიხედვით, პარტია მოითხოვს, გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად, რათა გონივრულ, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში პასუხი გაეცეს მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის ბრალდებებს.