„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ “წერილი გიორგი გახარიას პრობლემა არ არის, აქ არის მთლიანად „ქართული ოცნების“ პრობლემა”. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
კითხვაზე, მას შემდეგ, რაც გახარია ოპოზიციაში წავიდა, შეიძლება თუ არა დაიწყოს გამოძიება, ხაზარაძე პასუხობს, რომ ეჭვი ეპარება.
„ეს არის გამოძიების საკითხი, ჩვენ არ უნდა ვარჩევდეთ. მეტი რაღა უნდა ითქვას. წერილი და ანაბეჭდები არსებობს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიან. არსებობს საქმე, რომელიც დაიწყო და გამოძიება არ გაგრძელებულა, არავინ დაკითხულა. არა როგორც რიგითი მოქალაქე, არამედ როგორც დეპუტატი კიდევ მივმართავ პროკურატურას, რომ ყველაფერი იციან, იცოდნენ ერთი წლის, ორი წლის წინაც.
მაგრამ აქ პრობლემა იცით რაშია, გახარიას პრობლემა არ არის, აქ არის მთლიანად „ქართული ოცნების“ პრობლემა. ეს წერილი არ არის მარტო გახარიას წერილი, ეს არის ადამიანების გაცილებით დიდი ჯგუფი, რომლებიც უბრალოდ გაიყვნენ შუაზე…
ეს არ მაინტერესებს. ეჭვი მეპარება.დარწმუნებული ვარ, რომ გახარია წერილის დამწერი არ არის,მაგრამ მონაწილეა ამ სქემის. ამაში ჩართულია „ოცნების“ რამდენიმე მაღალჩინოსანი, ლიდერი თუ დამფუძნებელი. ამიტომ არის პრობლემა, ასე რომ არ იყოს, ალბათ, სამაგალითოდ დასჯიდნენ გახარიას. სწორედ ეს არის, რომელიც აჩერებს ამ თემას ამდენი ხანია“. – ამბობს ხაზარაძე.
