LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წამების საქმეზე არასრულწლოვნები ექვსი თვის ვადით მინდობით აღზრდაში იქნებიან

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წამების საქმეზე არასრულწლოვნები ექვსი თვის ვადით მინდობით აღზრდაში იქნებიან. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მიიღო.

პროცესზე სოციალური სამსახური ითხოვდა ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაყვანას, ხოლო დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა.

რაც შეეხება დაკავებულების პოზიციას, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„სოციალურ სამსახურს ჰქონდა შუამდგომლობა ბავშვების ექვსი თვის ვადით მინდობით აღზრდასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო იყო და აღნიშნულ შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ, მაგრამ საქმის სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების ექვსი თვით მშობლებისგან განცალკევებაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენ გავასაჩივრებთ აუცილებლად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში. გავეცანით საქმეს სრულად და არც ერთი მტკიცებულება არ არის, რომ წამებას ჰქონდა ადგილი ბავშვთან მიმართებით, არც მოწმეები, არც წერილობითი მტკიცებულებები ამ ფაქტს არ ადასტურებს. ვთვლით, რომ დავის შემთხვევაში საბოლოოდ ამ საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, მუხრან ღურცკაიამ.