LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„290 000 ლარი საიდან უნდა გადაგიხადოთ? ჩემი ბინის წაღება გინდათ?“ – ვოლსკი და „ლელოს“ ლიდერები პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს დეპუტატები, გია ვოლსკი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გია ვოლსკის განცხადება გახდა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრმა პარლამენტის ტრიბუნასთან გააკეთა.

როგორც გია ვოლსკიმ  განაცხადა, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკაში საქმიანობას იწყებდნენ, მას ჟურნალისტმა კითხვა 17 მილიონთან დაკავშირებით დაუსვა, რომელიც ბანკიდან გავიდა.

ვოლსკის თქმით, მან ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა, რომ „ლელოს“ წევრებს – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ჯერ ამ საკითხზე უნდა გაეცათ პასუხი, ხოლო პოლიტიკის თემაზე შემდეგ ესაუბრათ.

მისი თქმით, ამ განცხადების გამო, მას „ლელოს“ ლიდერებმა სასამართლოში უჩივლეს.

„ვთქვათ, მოიგეთ სასამართლო, 290 000 ლარი საიდან უნდა გადაგიხადოთ? ჩემი ბინის წაღება გინდათ? კარგად იცით, რაც მოხდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ამ განცხადებაზე საპასუხოდ, მამუკა ხაზარაძემ ასევე პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან, პროტესტით უპასუხა.

„სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი და პასუხი არ არის, 2 წელი გავიდა და პასუხი არ არის. რა გგონიათ, ზღაპრებს გალაპარაკებთ? ყოველ მეორე დღეს სასამართლოში გვატარებდით და თქვენ წინააღმდეგ რომ შევიტანეთ სარჩელი, ორი წელია, სასამართლოს სხდომაც კი არ ჩატარებულა, ასეთ განცხადებებს არ გაგიტარებთ“, – მიმართა მამუკა ხაზარაძემ გია ვოლსკის.