2021 წლის რთველზე საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვეღარ ჩააბარებს. ამის შესახებ „ბიზნესკურიერის“ ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საკადასტრო პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, წლევანდელი გეგმა კი ითვალისწინებს სრულად კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რეგიონების კადასტრის რეგისტრაციას და შემდეგ მის დაკავშირებას რთველის პროცესთან.
ამჟამად კი კახეთის 5 რაიონში ყვარელში, თელავში, გურჯაანში, ახმეტასა და სიღნაღში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, შემდეგ კი პროცესს დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და საგარეჯოს რაიონებიც დაემატება.
„25 მარტიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აღნიშნულ 5 რაიონში, 47 ლოკაციაზე გახსნილია სარეგისტრაციო პუნქტები და ყველა მევენახეს ჩვენი ოპერატორები ელიან, რათა მივიდნენ და მოახდინონ რეგისტრაცია. რეგისტრაცია თავისთავად არის ძალიან მარტივი, მხოლოდ საჭიროა მევენახე და მისი პირადობის მოწმობა, დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება რეგისტრაციის პროცესს.“-განაცხადა დავით მაღრაძემ.
მაღრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში სწორედ წელს იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა.
კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული.
საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.
