LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილმა კვების ობიექტი გახსნა: მომღერალი მომხმარებელს ესპანური რეცეპტებით დამზადებულ, ინოვაციურ ღვეზელებს სთავაზობს

მომღერალმა რატი დურგლიშვილმა ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. მან თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე კვების ობიექტი, სახელწოდებით „ემპანადას ჯორჯია“ გახსნა. აღსანიშნავია, რომ „ემპანადას ჯორჯია“ მომხმარებელს აბსოლუტურად განსხვავებული გემოების ღვეზელებს სთავაზობს.

თუ როგორ გაჩნდა ქართულ ბაზარზე ინოვაციური ღვეზელების მომზადების იდეა, რატი დარგლიშვილმა ექსკლუზიურად  FORTUNA.GE-ის მოუყვა.

–როგორ გაჩნდა კვების ობიექტის გახსნის იდეა?

იდეა წამოვიდა ამერიკაში ჩემი ვიზიტის დროს. ყველამ იცის, რომ ვარ გურმანი და გემრიელი საკვები მიყვარს. ️პირველად, როდესაც იქ გავსინჯე ესპანური ბრენდის „ემპანადას“ ღვეზელები, ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე, საქართველოშიც გამეხსნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე არ შემხვედრია ჩვენთან ღვეზელის მსგავსი სახეობა. მე და ჩემმა მეგობარმა ესპანეთში მოვიძიეთ ბებიების დროინდელი ძველი რეცეპტები, რომელსაც ერთი ძალიან ტრადიციული ოჯახი ამზადებდა და საოცარი გემო ჰქონდა – მადლობა მათ ჩვენი დახმარებისა და  დიდი წვლილის შეტანისთვის „ემპანადას ჯორჯია“-ს გახსნაში.

–სახელწოდება როგორ შეირჩა?

სახელწოდება არის იდენტური, რაც ჰქვია ამ კვების ობიექტს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში: ესპანეთში, აშშ-ში, არგენტინაში, თუ სხვაგან… ამიტომ, ეს სახელწოდება უცვლელად გადმოვიტანეთ და „ემპანადას ჯორჯია“ დავარქვით.

–სად მდებარეობს „ემპანადას ჯორჯია“?

ამ ეტაპისთვის, ობიექტი გვაქვს ვაკეში, ჭავჭავაძის 24 ნომერსა და ბაზალეთის ქუჩის კუთხესთან.

–რა არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტი და უკვე სლოგანიც თუ მოიფიქრეთ?

მთავარი პრიორიტეტი არის ხარისხი, მუდმივი ინოვაცია და სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის. ასევე, სიმყუდროვის შექმნა ჩვენი სტუმრებისთვის, რომ თავი იგრძნონ ისე, თითქოს სახლში არიან – მშვიდად და გემრიელად. რაც შეეხება სლოგანს, ის ️“ბედნიერი დღეა“ – ბევრი პოზიტივი გვიყვარს.

– კონკურენტებთან შედარებით რა უპირატესობები გაქვთ?

კონკურენცია, ამ კონკრეტული მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. „ემპანადას ჯორჯია“-ს გახსნის მიზანიც ის იყო, რომ უალტერნატივო, განსხვავებული ღვეზელები შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის და ბაზარზე შემოგვეტანა სრულიად ახალი გემოები.

–გახსნიდან დღემდე, მომხმარებლის ყურადღება უკვე მიიპყარით? რამდენად დიდია დაინტერესება?

დაინტერესება იმდენად დიდია, გაკვირვებულებიც კი დავრჩით. ადგილობრივი მომხმარებლების გარდა, გახარებულები არიან ტურისტებიც, რომლებიც საქართველოში „ემპანადას“ დანახვით აღფრთოვანებულები არიან და თავიანთ რეცეპტებსაც კი გვიზიარებენ. მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ინტერპრეტაციები, სამარხვო მიმართულებითაც კი.

-ახლო მომავალში, თუ აპირებთ ამ ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას?

გაფართოვებას აუცილებლად ვაპირებთ. გვინდა, რომ ყველა უბანში შევქმნათ ჩვენი სიმყუდროვე, ინტერიერიც კი ვიცით, სად როგორი იქნება, თუმცა ხელწერა არ შეიცვლება- მომხმარებელი ერთი თვალის შევლებით უნდა მიხვდეს, რომ ეს ჩვენ ვართ – „ემპანადას ჯორჯია“.

ცნობისთვის, „ემპანადას ჯორჯიას“ ინტერიერის ყველა დეტალი, ფრაგმენტი არის ჩემი ხელით შექმნილი, ჩამოსხმული, გამოთლილი, შეღებილი, მოხატული… მთელი სული და გულია ჩადებული, უდიდესი ენერგია და მოთმინება, თუმცა შედეგი ნამდვილად ღირებული და გამართლებულია.