“ტვ პირველის” დამფუძნებელისა და გენერალური დირექტორის, ვახტანგ წერეთლის თქმით, გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავას სავარაუდოდ, თრომბოემბოლია განუვითარდა.
როგორც წერეთელი ამბობს, ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები ვარაუდობენ.
“ვიყავი შესული, მე თვითონ დავათვალიერე გარდაცვლილი. თვითონ დედამისიც და დეიდებიც ექიმები არიან და თვითონ იძახდნენ, რომ სავარაუდოდ, თრომბოემბოლია შესაძლოა განვითარებულიყო. სახის ძვლები სულ დამტვრეული ჰქონდა, სულ ნაოპერაციები იყო და არ ვიცი, ამას ალბათ ექსპერტიზა დაადგენს. რომ გამოწერეს, დოკუმენტაციაში რა ეწერა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მძიმედ იყო,” – აღნიშნა ვახტანგ წერეთელმა.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
