რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” უნიჭიერესი კომპოზიტორი და შემსრულებელი ნინო კრავეიშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერის პრემიერით ,,ამღერდი გულო”. მან ასევე შემოგვთავაზა სიმღერის ,,ქალს ერთი უნდა უყვარდეს” ცოცხალი შესრულება, რომელიც მისი ინტერპრეტაციით შეიქმნა.
როგორ ხართ ქალბატონო ნინო?
მოგესალმებით, მადლობთ კარგად. თქვენს სტუდიაში ცუდ ხასიათზე ვერ იქნები. ადამიანი, როდესაც პოზიტიურ განწყობაზეა, ეს ყველაზე გადადის.
პანდემიის პერიოდი როგორ გაიარეთ?
პანდემიაზე საუბარი არ გვინდა, გადაცემა პოზიტივით დავიწყეთ, დადებითად. როდესაც კარგ საკითხზე ხარ ადამიანთან სტუმრად ცუდი არ უნდა გაიხსენო.
რა სიმღერას შეგვისრულებთ ლაივში?
დღეს ”ქალს ერთი უნდა უყვარდეს” შეგისრულებთ. ეს სიმღერა არის ჩემი ინტერპრეტაციით შექმნილი, ხალხური სიტყვები დავამატე და იმედია მოგეწონებათ.

ზაფხულში გარკვეული ღონისძიებები ხომ არ გაქვთ დაგეგმილი?
დაგეგმილი თითქმის არაფერი არ მაქვს. დღევანდელი დღეც დაუგეგმავად მოხდა და ძალიან გამიხარდა. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უფლის ნებაა, ამიტომ არ მიყვარს წინასწარ დაგეგმვა. მართლმადიდებლურად დღეს სიყვარულის დღესასწაულია, ამიტომ მინდა დიდი სიყვარულით მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე.
სიმღერა ,,ამღერდი გულო” როგორ შეიქმნა?
ამ სიმღერამ საქართველოში და უცხოეთშიც დიდი სიყვარული დაიმსახურა. მეუბნებიან, რომ ამ სიმღერით იძინებენ და იღვიძებენ. ამას არ ველოდი, რადგან დაწერის გათვლა ეს არ იყო.სიმღერაში ჩემი გული დევს. გარეთ მივდიოდი და ცოტა ცუდ განწყობაზე ვიყავი, უცებ დავფიქრდი და ვთქვი, რომ ჩემი ასეთ განწყობაზე ყოფნა არ შეიძლებოდა. გავაღე თუ არა სახლის კარი დავიწყე სიმღერა: ,,გულო, გულო ამღერდი”. უფლება არ მქონდა ცუდ ხასიათზე გავსულიყავი. მხიარულ ადამიანებს მეტი დარდი შეგვიძლია, რომელიც სხვას არ უნდა ვაჩვენოთ. ახალი სიმღერაა, მართლაც ჩემი გული მაქვს გადმოცემული, გენიალობა სიმარტივეშია ესაა მთავარი ამ ცხოვრებაში. მარიამ სანიკიძემ აიღო ეს სიმღერა და ყველაფერი მან გააკეთა. მითხრა, ნინო როგორ შეიძლება სამი წელი სიმღერა გედოს და არ აკეთებდე სტუდიურ ვერსიასო.
არის სხვა ახალი სიმღერები, რომლის მზადების პროცესშიც ხართ?
დიახ, რა თქმა უნდა. სიმღერა ”მითხარი ლამაზო” მაქვს ჩაწერილი ხალხურ მოტივებზე, ლექსიც ჩემია. არის აუდიო ვერსია ფანდურის თანხლებით, თუმცა ვაპირებ გაორკესტრებას , რომელიც ვფიქრობ მოგეწონებათ. ამას ხომ თქვენთვის ვაკეთებ. ორი ვაჟი მყავს გიორგი და კოკა, ყოველთვის მათ რჩევას ვითვალისწინებ. თუ მათ მოეწონათ ესეიგი კარგი გამოვიდა.
ნინო კრავეიშვილი – ამღერდი გულო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნინო კრავეიშვილი – ქალს ერთი უნდა უყვარდეს. Live
ნინო კრავეიშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



