LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ-19-სგან ბავშვების დაცვის ერთ-ერთი საშუალება, ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციაა: ჩხაიძე

“თუ ოჯახის წევრები ვაქცინირებულნი არიან, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენს შვილებს საფრთხე არ ემუქრებათ,” – აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე და ამბობს, რომ ზაფხულის პერიოდში, როცა ყველაზე მეტი მობილობა გველის, ბავშვების დაცვის ერთ-ერთი საშუალება, ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციაა.

ჩხაიძე ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანას, პრაქტიკულად, სხვა ალტერნატივა არ აქვს:

“ძალიან ცოტაა ახლა ორგანიზებული ჯგუფები და დახურულ სივრცეში კონტაქტები. ყველაზე მეტი კონტაქტი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ესაა საოჯახო-საყოფაცხოვრებო კონტაქტები. ამიტომ ჩვენ, როდესაც ჩვენ ცოტახნის წინ გვქონდა სლოგანი –  “აიცერი და დაიცავი”, ეს ყველაზე კარგადაა მორგებული ახლანდელ რეალობასთან: თუ შენ აიცრები, დაიცავ შენი ოჯახის წევრებს, დაიცავ შენს შვილსა და შვილიშვილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ, პრაქტიკულად, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ინფექციის მატება იმდენად მაღალია, რომ საქართველო უკვე შესულია წითელ სიაში, ანუ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელმა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა.

თუ ახლა გაიკეთებთ ვაქცინას, თქვენი იმუნური სისტემა საბოლოო მყარ და მაქსიმალურ პასუხს გამოიმუშავებს 5 კვირის შემდეგ. საქართველოში შემოსული ვაქცინები სამი კვირის და ორი კვირის შუალედით კეთდება. ამ 5 კვირის განმავლობაში ადამიანი არაა დაცული, რადგან ერთჯერადი ვაქცინაცია არაა ეფექტური. ორჯერადი ვაქცინაციის შემთხვევაში ეფექტურობა ძალიან მაღალია.” – თქვა ივანე ჩხაიძემ.