LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს, ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე

31 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ გასცდა სამი ათასს. გარდაიცვალა 27 ადამიანი. თბილისის პარალელურად, რომელზეც ინფიცირებულების ნახევარზე მეტი მოდის, ყოველდღიურად იზრდება სტატისტიკა რეგიონებში.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმედს გამოთქვამს, რომ “კლინიკური სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენენ პატარა სასწაულს და ამ ძალიან გართულებულ ეპიდსიტუაციაში პაციენტების მართვას მოახერხებენ”.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცერცვაძე შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს.

„დღეს ჩვენ 5400 ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავს. ძალიან დიდი რაოდენობაა, მაგრამ სამინისტრო აცხადებს, რომ კიდევ 1000 მძიმე პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა დადგება რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც კლინიკური სექტორი დიდი დანაკარგების გარეშე მართვას ვეღარ უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე.

მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კლინიკური სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენენ პატარა სასწაულს და ამ ძალიან გართულებულ ეპიდსიტუაციაში პაციენტების მართვას მოახერხებენ და სიკვდილიანობის შენარჩუნებას იმ დაბალ მაჩვენებელზე, რომელიც დღეს გვაქვს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ მასობრივი ვაქცინაცია არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში 162 630 დოზა ფაიზერის წარმოების ვაქცინა შემოვიდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დოზები სახელმწიფომ პირდაპირ კომპანიისგან შეისყიდა და ამ გზით ქვეყანაში ფაიზერის წარმოების მილიონი დოზა ვაქცინა უნდა შემოვიდეს. უწყების უნფორმაციით, ამ ეტაპისთვის მილიონი დოზიდან დაახლოებით 218 ათასია შემოსული.