ცნობილი ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მოგზაურობისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს უზიარებს საზოგადოებას.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“რამდენიმე მარტივი რჩევა მოგზაურობის ან კურორტებზე ყოფნის დროს
რა უნდა გავითვალისწინოთ ბუნებაში გასვლისას
1. ბუნებაში ყოფნის დროს ვეცადოთ გვეცვას ისეთი ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად ფარავს კანს (ანუ გრძელი შარვალი, გრძელსახელოებიანი პერანგი), განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან ხშირია მწერების კბენის შემთხვევები, რასაც მოსდევს შფოთვა, განსაკუთრებით ბორელიოზთან დაკავშირებით.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მართალია, ბორელიოზი საყურადღებო დაავადებაა, მაგრამ ამჟამად საქართველოში გადაჭარბებული მღელვარებაა ამასთან დაკავშირებით, ბევრი ადამიანი იკეთებს კვლევას, არც ისე იშვიათია ლაბორატორიულად ცრუ დადებითი შემთხვევები (არა იმიტომ, რომ ეს ლაბორატორიის ბრალია, უბრალოდ თვითონ მეთოდი შეიძლება იძლეოდეს ცრუ დადებით შედეგს) და არასაჭირო ანტიბიოტიკოთერაპია.
ტკიბის კბენის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკოთერაპია არ არის მიზანშეწონილი
ტკიპის მოცილება ხდება პინცეტით, მოჭიდება ხდება კანთან რაც შეიძლება ახლოს, ამოღების შემდეგ კანი იწმინდება სპირტით. არ უნდა მოხდეს ტკიპის მოჭყლეტვა თითებით.
2. თუ კანი დაფარული არ არის, უმჯობესია ვიხმაროთ მწერებისგან დამცავი კრემები (რეპელენტები).
3. ბუნებაში ყოფნისას სასურველია, არ გვესხას სუნამო, ამან შეიძლება მწერები მიიზიდოს.
