LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: მეც „ოცნების“ ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა!

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი დაბა ხარაგაულში გახსნა.

მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და ცვლილებების მიღწევა და მდგომარეობის გაუმჯობესება სწრაფად შეიძლება ერთიანობის და კეთილსინდისიერად მუშაობის შემთხვევაში.

„ახლა, მთავარი არის, რომ ამ არჩევნებზე ისეთი ნაბიჯი გადავდგათ და ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ლანძღვა, გინება, ჭორაობა, დავიდარაბა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. როგორ შეიძლება ყველა არჩევნებზე, აი, ასე ერთმანეთი ვლანძღოთ ქართველებმა, რაღაცა ღირსება ხომ უნდა იყოს? – არ შეიძლება.

მეც „ოცნების“ ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება ჩემს წარსულზე, რაღაც აუგი ვთქვა, რადგან კარგი, თუ იყო და ცუდი, რაც იყო, ჩემი ნაწილია ხომ? მომავალში შეიძლება ბევრი დისკუსია გვქონდეს და მომავალში ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს. ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი”, -აცხადებს გახარია.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში წარსადგენ კანდიდატებს, პარტიის თავმჯდომარის თქმით, ეს ადგილობრივების გადასაწყვეტია.

„ვინ იქნება მუნიციპალიტეტში სიაში მაჟორიტარი, ეს აქ, ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ერთი ადამიანი არ იქნება, ვისზეც მე გეტყვით რომ ეს უნდა იყოს – ეს გამორიცხულია, არასდროს არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ. თქვენი, ყველას ერთად გადასაწყვეტია”, – მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.

პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერის თქმით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება და მის მიერ პარტიის დატოვების მიზეზი ეს გახდა.

,,ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ბოლოს წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ ბევრი კარგი და ღირსეული ადამიანი დავტოვეთ. მეც იმიტომ წამოვედი იქედან, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით წელიწადი – წელიწადნახევარი, „ოცნება“ და „ნაცები“ ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ახლაც, როგორც იქცევიან ესეც ძალიან ემსგავსება ერთმანეთს. ამიტომ ჯერ ერთი უნდა დავამარცხოთ და მერე მეორეს მივხედოთ”, – განაცხადა გახარიამ.