ცესკო- ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესი „საერთაშორისო გამჭვირვალობამ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” დატოვეს.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ძალიან კარგი იქნებოდა, ისინიც ყოფილიყვნენ პროცესში ჩართული.
„ჩვენ 6 აგვისტოს გვქონდა შეხვედრა, სადაც მოწვეული გვყავდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნების დაკვირვების გამოცდილება 3-ჯერ მაინც ჰქონდათ. ასევე, მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ომბუდსმენიდან ერთი წარმომადგენელი. სამუშაო შეხვედრა შედგა, ჯამში იყო 15 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე, 2 საერთაშორისო. ამ სამუშაო შეხვედრაზე მათ ჰქონდათ თავიანთ მოსაზრებები და შეხედულებები. ჩვენ 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მივიღეთ დადგენილება და შევიტანეთ დადგენილებაში ცვლილება მათვე რეკომენდაციების შესაბამისად, ეს ეხებოდა საკოორდინაცო საბჭოს წევრების არჩევის საკითხს. დღესაც მიმდინარეობს შეხვედრა, ისინი კვლავ არიან მოწვეულები. ჩვენ ვნახეთ ამ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რაც ძალიან სამწუხაროა. პროცესებისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, ისინიც ყოფილიყვნენ ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, ისინი კვლავ ერთად დასხდნენ, გაიარონ საკითხები მოგვაწოდონ თავიანთი რეკომენდაციები. ცესკო მოწადინებულია, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს და ყველას მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ საკოორდინაცო საბჭოს წევრები დააკომპლექტოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, დანარჩენი მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაერთვებიან ამ პროცესში. ჩვენ მზად ვართ, მათი მოსაზრებები ნებისმიერ დროს გავითვალისწინოთ“,- განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა” და „სამართლიანი არჩევნები” ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას.
