LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის არაფერში ვეჯიბრები, ვაკეთებ ჩემს საქმეს და მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და ნდობა: კახა კალაძე

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 61.2%-მა არჩევანს კახა კალაძეზე აჩერებს, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც დასაფასებელია.

კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„კვლევებთან დაკავშირებით, განცხადებები ბევრჯერ მაქვს გაკეთებული და სიახლეს ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რომ არავის არაფერში ვეჯიბრები. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და ნდობა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები, ვაფასებ და ჩემი და ჩემი თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, ეს კეთილი განწყობა, პატივისცემა კონკრეტული საქმეებით დავაბრუნოთ.

მინდა, თბილისელებს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია და გასაფრთხილებელია. პირობას ვაძლევ ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი მხარდამჭერია თუ არა, მომდევნო წლების განმავლობაში, ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, მათით ყველა აუცილებლად იამაყებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.