LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს, სუსმა ჩემი პეიჯის გატეხვა მოახერხა: სააკაშვილის შეფასება და უმრავლესობის გამოხმაურებები ფეისბუქში გავრცელებულ მიმართვაზე

“სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ “ფეისბუქის” წარმომადგენლობას მისწერა, ქსელს დამატებით დაცვები დაამატოს.

სააკაშვილი ამბობს, რომ არ იცის, რისი თქმა სურდათ აღნიშნული ტექსტით.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ფაქტთან დაკავშირებულ პირებს მაინც არაფერი გამოუვათ:

“სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით. ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს.

მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ. რისი თქმა უნდოდათ, ამ ტექსტით, ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე.” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, აღნიშნული პოსტის გარდა, სხვა ტექსტი არ იძებნება.

მანამდე კი, მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია და “სქრინი”, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი წერს:

“როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1 000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,”ივანიშვილი გკლავს” ეგეთ სტილში.” – ეწერა ტექსტში.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლომდე ვერ გაიგო, რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით.

აღნიშნულ ტექსტს ეხმიანება მმართველი პარტიის წევრი ნინო წილოსანი და ამბობს:

“სააკაშვილის აღნიშნული სტატუსი, პრინციპში, ადასტურებს, რომ სააკაშვილი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალა ისტორიაში ჩაიწერება როგორც ადამიანების გარდაცვალებით მოვაჭრე და მოხარული პოლიტიკური ძალა. ეს სტატუსი ადასტურებს, რომ ისინი ელოდებიან უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალებას, იმისთვის რომ თავისი პოლიტიკური წესრიგი ააგონ.” – განაცხადა წილოსანმა. 

შეგახსნებთ, ამ დროისთვის სააკაშვილის აღნიშნული პოსტი წაშლილია, თავად ყოფილი პრეზიდენტი კი ამბობს, რომ მისი პეიჯის გატეხვა, როგორც ჩანს, სუსმა, სრულიად გაურკვეველი ტექსტით, მაინც მოახერხა.