„მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით, ყოველდღიური ქმედებით სამშობლოს ასახელებ“, – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, მან ძალიან კარგად იცის, რამხელა შრომა და რამხელა სირთულეები გამოიარეს სპორტსმენებმა და რა დგას ამ წარმატების უკან.
კალაძემ განსაკუთრებული მადლობა ქვეყნის მოსახლეობას გადაუხადა, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სპორტემენებამდე მოეწვდინათ ხმა.
„მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. მართლაც არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით, შენი ყოველდღიური ქმედებით სამშობლოს ასახელებ და ახარებ უამრავ ადამიანს. მინდა ამ წარმატებისთვის მადლობა გადაგიხადოთ.
ძალიან კარგად ვიცი, რამხელა შრომა, რამხელა სირთულეები გამოიარეთ, რა დგას ამ ყველაფრის, ამ წარმატებების უკან. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც თქვენს წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. ესენი არიან მწვრთნელები, ყველა ის ადამიანი, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. მგონი, ყველას კარგად გვახსოვს ზურაბ კახაბრიშვილის ცრემლიანი სახე. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო შემოიარა. ის იყო თქვენი პირველი გულშემატკივარი იქ, სადაც გულშემატკივარის გარეშე გიწევდათ ასპარეზობა. მინდა მას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან გუნდთან ერთად თქვენთვის გააკეთა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ყველაზე დიდ გულშემატკივრებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თქვენამდე მოეწვდინათ ხმა, იქნებოდა ეს სოციალური ქსელი, თუ სხვა საშუალება “, – აღნიშნა კახა კალაძემ.
