პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს საქართველოში დაბრუნებას მუდმივად ჰპირდება და მათ იმედებს უცრუებს.
„ეს ჩვენთვის არის სუბიექტურად კარგი, მაგრამ მძიმეა მისი მხარდამჭერებისთვის. თუ მან განიზრახა მაინც ამ გეგმის, (საქართველოში დაბრუნების) განხორციელება, იცით სადაც არის მისი ადგილი. აქედან გამომდინარე, მას აქ, მომგებიანი თამაში საერთოდ არ აქვს, რაც უნდა ის განაცხადოს. ჩვენთვის სულ ერთია, მარჩიელობას არ დავიწყებ მის გეგმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას 6 სექტემბერს გააკეთებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
