“ირაკლი კობახიძეს არაფერს არ ვუპასუხებ. არ ვუპასუხებ რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი – ამაზე დროის დაკარგვა არ მინდა, ეს დროის ფუჭი ნაყვაა.” – ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან გახარიას “კოკაინშიკი” უწოდა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ვერ უპასუხებს იმ ადამიანებს, რომელთა სიტყვასაც უკვე არანაირი აზრი არ აქვს:
“ირაკლი კობახიძეს არაფერს არ ვუპასუხებ. არ ვუპასუხებ რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი – ამაზე დროის დაკარგვა არ მინდა, ეს დროის ფუჭი ნაყვაა – მეორე, ადამიანებს, რომლის სიტყვასაც უკვე არანაირი აზრი არ აქვს, რა უნდა ვუპასუხო. ამ თემას დავუბრუნდები, მე ამ თემაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე, მხოლოდ დავიწყე და ჯერ ილაპარაკონ.” – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.
გახარია ასევე გამოეხმაურა მეუფე იაკობის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, გახარია მოსკოვის კაცია და ის ეკლესიას ებრძოდა:
“სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო სასულიერო პირებს იყენებს. პოლიტიკურმა პარტიამ ფაქტობრივად, მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები მოირგო და მათ რესურსს იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ახლა გადავიდა უკვე ეკლესიაზე. რამდენიმე შემთხვევა იყო უკვე ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც სახელმწიფომ ძალიან უხეშად გამოიყენა ეკლესია, მისი სახელი, გამოიყენა სასულიერო პირები შემდეგ ამოეფარა მათ ზურგს უკან და დაიმალა, იგივე ხდება ახლაც.
პოლიტიკური მიზნის მისაღწევად პოლიტიკური პირები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია დღეს იყენებს ეკლესიას. მე არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ მეუფის სიტყვები შევაფასო, არ მაინტერესებს. ამ ყველაფერში ყველაზე ცუდს მე რასაც ვხედავ, რომ ეკლესიის ჩართვას ცდილობენ აბსოლუტურად პოლიტიკურ პროცესში. არ მივცემ მე ამას შეფასებას.” – განაცხადა გახარიამ.
ყველა ადამიანი, რომელიც რაღაცას ამბობს იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტულ პარტიას გაუხანგრძლივოს ერთი დღით მაინც სიცოცხლე, ის რაც მოქალაქეების გადასაწყვეტია და ცდილობს ზემოქმედება იქონიოს ტყუილით, მოდელირებული რეალობით ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, მე ეს არ მაინტერესებს, მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ.
ეს გამოდის, რომ მე უნდა დავიწყო მათივე წესებით თამაში და არ ვაპირებ. ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, როდესაც სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესში ერთვებიან, განცხადებებს აკეთებენ და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ. ეს არის მიუღებელი ჩემთვის, როგორც ცალკე აღებული ქართველისთვის. ამ ნაწილში პრობლემა არის იმაში, რომ სახელმწიფო და პარტია დღეს ცდილობს, რომ კონკრეტული სასულიერო პირი გამოიყენოს. აღარ მინდა ამაზე საუბარი, ოღონდ ყველაფერზე ამაზე კონკრეტული რეაგირება მექნება სამართლებრივი და პოლიტიკურიც, ეს რომ დამთავრდება.” – განაცხადა გახარიამ.
