არ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოშიც, კოვიდის გადატანის შემდეგ, ვაქცინის ერთი დოზა საკმარისი აღმოჩნდეს, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს რომ კოვიდგადატანილებში უკვე ჩატარებული ორჯერადი აცრა ნეგატიურ გავლენას მოახდენს ვაქცინირებულთა ჯანმრთელობაზე.
“საკითხის განხილვა დაწყებულია, იგეგმება კიდევ უფრო მეტი დეტალის წარმოდგენა და მოსაზრებებისა და არსებული პუბლიკაციების დეტალური გაცვლა და შესაძლებელია, ნამდვილად არ გამოვრიცხავთ ამ ვერსიასაც, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, კოვიდის გადატანის შემდეგ, ვაქცინის ერთი დოზა საკმარისი აღმოჩნდეს.”
გამყრელიძე: ვმსჯელობთ, რომ კოვიდგადატანილები ერთჯერადად აიცრან, ჯერჯერობით ძველ პროტოკოლს მივყვებით
როგორც ჩხაიძემ განმარტა, ამასთან დაკავშირებით ერთიანი რეკომენდაცია არ არსებობს და ქვეყნები ორ სხვადასხვა ვარიანტს ირჩევენ, ერთი რაც საქართველოშია, ხოლო მეორე შემთხვევაში, ვირუსის გადატანის შემდეგ ერთჯერადად აცრა.
ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი მონაცემი და მაღალი დონის ინსტიტუციების რეკომენდაციები, რომ ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს:
“სამწუხაროდ, აქ ერთიანი რეკომენდაცია არ არსებობს როგორც საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან, ისე თუნდაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ატლანტის ცენტრის ან რომელიმე სხვა ანალოგიური დონის სტრუქტურიდან შესაბამისად.
ქვეყნები ორ სხვადასხვა ვარიანტს ირჩევენ, ერთი რაც საქართველოშია – როცა ჩვენ ადამიანს, რომელმაც გადაიტანა ვირუსი და გადატანიდან ერთი თვის შემდეგ ვთავაზობთ ორჯერად ვაქცინაციას და განვიხილავთ ამას როგორც მაქსიმალური დაცვის მიღწევის ოპტიმალურ არჩევანს, და მერეო ვარიანტი – როდესაც ადამიანი კორონავირუსის გადატანის შემდეგ არა ორ დოზას, არამედ ერთ დოზა ვაქცინას იკეთებს, ვინაიდან, მიიჩნევა, რომ უშუალოდ ინფექციის გადატანა და ინფექციის მწვავე ფაზის მიმდინარეობა გარკვეულწილად იმუნური პასუხს უკვე განაპირობებს და მისი გაძლიერება ერთი დოზით არის სავსებით შესაძლებელი.
ამ თვალსაზრისით, პუბლიკაციები განსხვავებულია, არის პუბლიკაცია, სადაც ნახავთ, რომ ერთი დოზა საკმარისია მყარი იმუნიტეტის მისაღებად და არის პუბლიკაცია, რომელიც ჯერჯერობით განსაზღვრავს ორი დოზის აუცილებლობას.
ამიტომ, ალბათ კიდევ უფრო მეტი მონაცემია საჭირო, კიდევ უფრო მეტი და მაღალი დონის ინსტიტუციების რეკომენდაციები, რომ ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ასევე ვაქცინების მომარაგების სტატუსიც – თუ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა და მარაგი საკმარისია, მაშინ მას შეუძლია მოქალაქეებს ორჯერადი ვაქცინა შესთავაზოს,
თუმცა, აქ არც ერთ შემთხვევაში არ არის საუბარი ნეგატიურ გავლენაზე, ანუ არავინ ამბობს, რომ თუ გადატანის შემდეგ ორ დოზას გაიკეთებ, ამით რაღაც, თუნდაც გვერდითი მოვლენების რისკს ზრდი, არ არის ასე, აქ არის საუბარი უბრალოდ, გაზომვად იმუნურ პასუხზე – რომელია ოპტიმალური.
ასე რომ, ამ საკითხის განხილვა დაწყებულია, იგეგმება კიდევ უფრო მეტი დეტალის წარმოდგენა და დეტალური გაცვლა მოსაზრებებისა და არსებული პუბლიკაციების და შესაძლებელია, ნამდვილად არ გამოვრიცხავთ ამ ვერსიასაც, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნებში კოვიდის გადატანის შემდეგ ვაქცინის ერთი დოზა აღმოჩნდეს საკმარისი.” – განაცხადა ჩხაიძემ “ფორტუნას” ეთერში.
