LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: “დაგვჭირდება „ბუსტერ“, ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრება და რეკომენდაციაა, რომ მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ გამოყენებულ იქნას „ბუსტერ“, ანუ მესამე დოზა.

მისივე თქმით, ეს საკითხი განიხილება და მას შემდეგ გადაწყდება, რაც ქვეყანა ორჯერადად აცრების რაოდენობით გარკვეულ ზღვარს მიუახლოვდება.

„ეს საკითხი იხილება იმუნიზაციის საბჭოს სამეცნიერო კომიტეტის მიერ და ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება “ბუსტერ” ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ მას შემდეგ, რაც ორჯერადი ვაქცინაციის გარკვეულ ზღვარზე ავალთ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ეს თვითონ ქვეყნის გადასაწყვეტია. ამაზე მსჯელობს სამეცნიერო კომიტეტი და ვფიქრობ მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ზოგადად, “ბუსტერ” დოზა საჭირო გახდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.