LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წინანდლის ფესტივალს” არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მელომანებიც ყოველთვის მოუთმენლად ელიან – დავით საყვარელიძე ,,არტ-FM”-ში

გადაცემის ლაივი LIVE

28 სექტემბერს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” დავით საყვარელიძე სტუმრობდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ,,წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე” ისაუბრა.

– ბატონო დავით, რამდენად პოპულარულია წინანდლის ფესტივალი?

– რამდენიმე წელია წინანდალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის. სხვათა შორის, ჩვენს ფესტივალს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მელომანებიც ყოველთვის მოუთმენლად ელიან. წელს ფესტივალს 60 ათასამდე ამერიკელი და 50 ათასზე მეტი ევროპელი მაყურებელი ადევნებდა თვალს ონლაინ რეჟიმში, რადგან საღამოები ცნობილი მუსიკალური არხის MEZZO-ს და მისი ინტერნეტ-პლატფორმის medici-ს ეთერში გადაიცა.

– პანდემიამ ყველა სფეროს შეუქმნა პრობლემები. თქვენ როგორ ემზადებოდით, ფესტივალის გადადებაზე ხომ არ გიფიქრიათ?

– ჩვენ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს აღებული ფესტივალის დამფუძნებლების, ორგანიზატორების და უცხოელი მუსიკოსების წინაშე, ამიტომ არ გვაქვს ღონისძიების შეფერხების ან გადადების უფლება. რა თქმა უნდა, არსებული რეალობის ფონზე ბევრად სერიოზული პასუხისმგებლობა დაგვეკისრა, რადგან ვალდებული ვიყავით საერთაშორისო სტანდარტების, დადგენილი ნორმების გათვალისწინებით ჩაგვეტარებინა ფესტივალი და დაგვემტკიცებინა მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს პანდემიის პირობებშიც შეუძლია აღებული ვალდებულებების შესრულება და მნიშვნელოვანი ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარება.

– ვინ იმუშავა ფესტივალის რეპერტუარზე?

– ფესტივალს უდიდესი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა ხელმძღვანელობს, მუსიკოსებთან კონტრაქტებს კი, სამხატვრო ხელმძღვანელები ავი შოშანი და მარტინ ინგსტრომი აფორმებენ. სწორედ მათთან ვათანხმებთ და ერთობლივად ვადგენთ საბოლოო რეპერტუარს არტისტების სურვილების გათვალისწინებით. წელს ფესტივალს ისეთი მუსიკოსები სტუმრობდნენ, ვინც საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა, ამიტომ სიამოვნებით ჩაატარეს მასტერკლასები.

– რამდენად მნიშვნელოვანია ფესტივალისთვის საგანმანათლებლო ნაწილი?

– სწორედ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის ავაშენეთ სპეციალური სასტუმრო, ერთგვარი მინი კონსერვატორია, სადაც ინსტრუმენტებით აღჭურვილი 12 სარეპეტიციო დარბაზი გავაკეთეთ, 14 პედაგოგი სისტემატურად კითხულობს ლექციებს და აწყობს მასტერკლასებს. საგანმანათლებლო პროცესი ფესტივალის განუყოფელი ნაწილია.

– როგორ შეაფასებთ თანამედროვე ახალგაზრდობას?

– საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკოსები, კომპოზიტორები გვეზრდება, თუმცა, წამყვან მუსიკალურ ქვეყნებში ადგილის დასამკვიდრებლად საგანმანათლებლო პროცესის დახვეწაა საჭირო.

– კლასიკური მუსიკის უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად, არც თეატრს ივიწყებთ, პრემიერას ხომ ამზადებთ?

– ოქტომბრის თვეში სოხუმის თეატრის სცენაზე დავდგამთ ახალ სპექტაკლს ჯონ პრისტლის დეტექტივის მიხედვით, რომლის ადაპტაციაზე ლაშა იმედაშვილმა იმუშავა. წარმატებით გავიარეთ რეპეტიციები და მოსამზადებელი სამუშაოები, ასე რომ მზად ვართ შევთავაზოთ მაყურებელს ჩვენი წარმოდგენა.