თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ კითხვები აქვთ და ყოველთვის ჰქონდათ მოქალაქეებს. – აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი.
იოსელიანის თქმით, კეზერაშვილს პასუხი აქვს გასაცემი მოქალაქეების კითხვაზე, საიდან იშოვა ფული და როგორ გახდა ასეთი შეძლებული მას შემდეგ, რაც დაასრულა პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში.
„კეზერაშვილის მიმართ კითხვები აქვთ და ყოველთვის ჰქონდათ ჩვენს მოქალაქეებს. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოვიდა როგორც ერთ – ერთი ჩინოვნიკი, თავისი მოღვაწეობა დაასრულა ისე, რომ მილიონერი გახდა და ამ კითხვაზე, საიდან იშოვა ფული და არის თუ არა ის საქართველოდან წაღებული, პასუხი არ გაუცია.
მას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის აქვს კითხვაზე პასუხი გასაცემი. საიდან იშოვა ფული და როგორ გახდა ასეთი შეძლებული კაცი მას შემდეგ, რაც დაასრულა თავის პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში, ამაზე მას პასუხი არ გაუცია,”- განაცხადა იოსელიანმა.
კითხვაზე, მაშინ, როცა არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული თავად საქართველოში მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პრობლემურობასთან დაკავშირებით, რამდენად ფიქრობს, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხს გასცემს დღევანდელი სასამართლო, იოსელიანი აღნიშნავს, რომ შეიძლება სასამართლო ვიღაცამ მართლაც გამოიყენოს მის წინააღმდეგ, თუმცა, ეს მის მიმართ კითხვებს არ ხსნის.
კითხვაზე, რამდენად აჩენს კითხვებს მსგავსი სარჩელის შეტანა არჩევნების წინ, იოსელიანი აცხადებს, რომ “არჩევნები 2 დღეშია და 2 დღეში რაიმე ვერ შეიცვლება.”
“სასამართლო რა პასუხს გასცემს ამ კითხვებს, არ ვიცი, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თვითონ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი, როგორ იშოვა ფული, რადგან დიდი ეჭვია, რომ იშოვა მაშინ, როცა იყო ხელისუფლებაში და იშოვა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, რადგან მისი შემოსავალი, ხელფასი ვერ უზრუნველყოფდა ასეთი ფულის დაგროვების შესაძლებლობას.
არ გამოვრიცხავ ეს (პოლიტიზებული სასამართლო) გამოიყენოს ვიღაცამ კეზერაშვილის მიმართ, მაგრამ ეს არ ხსნის იმ კითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს,”- განაცხადა იოსელიანმა.
თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.
