„ქართული ოცნების“ წევრის გივი მიქანაძის ინფორმაციით, ცესკოში რეგისტრირებული 88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 20 ორგანიზაცია კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან არის აფილირებული.
მიქანაძის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება
წარმოადგენს.
მისივე განცხადებით, „ცხადზე ცხადია, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული სადამკვირვებლო მისია ვერ იქნება ობიექტური“ და ამის შესახებ ინფორმაცია როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, ასევე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაეგზავნებათ.
„დღეს წარმოგიდგენთ მოკლე შემაჯამებელ ანგარიშს ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებმაც უნდა განახორციელონ დაკვირვება 2 ოქტომბრის არჩევნებზე.
30 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს მიერ სულ დარეგისტრირდა 88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლისგანაც არჩევნების მონიტორინგის წინა წლების გამოცდილება არ აქვს 16-ს.
შესწავლილი საჯარო წყაროების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ 88 ორგანიზაციიდან 20 ორგანიზაცია, ანუ ფაქტობრივად ყოველი მეოთხე ორგანიზაცია აფილირებულია კონკრეტულ პარტიებთან; მათგან 15 აფილირებულია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, 3 „ევროპულ საქართველოსთან“, ხოლო 2 პარტია „საქართველოსთვის“.

საყურადღებოა, რომ 88 ადგილობრივ ორგანიზაციას 2 ოქტომბრის არჩევნებზე ჯამში ეყოლება 31170 დამკვირვებელი, რომელთაგან 8482 დამკვირვებელი მოდის პარტიებთან კავშირში მყოფ ჩვენს მიერ ხსენებულ 20 ორგანიზაციის წილად, რაც დამკვირვებელთა საერთო რაოდენობის 27%-ია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ყოველი მეოთხე დამკვირვებელი იქნება ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციას, რაც აფილირებულია არის კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან. ცხადზე ცხადია, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული სადამკვირვებლო მისია ვერ იქნება ობიექტური. ანალიზი და დასკვნა ამის თაობაზე ჩვენი საზოგადოებისთვის მიგვინდია.
აქვე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ორგანიზაციების იდენტიფიცირება კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან განხორციელდა საჯარო წყაროებზე დაყრდნობით. არ გამოვრიცხავთ, რომ დარჩენილ ორგანიზაციათა შორის შენიღბულად კიდევ არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც აფილირებული არიან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აღნიშნულ ორგანიზაციებს გაასაჯაროვონ დაფინანსების წყარო. აქვე გეტყვით, რომ დღესვე, აღნიშნული ინფორმაცია შესაბამისი ანალიზითა და თანდართული კატალოგით მიეწოდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
