LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიმუნი, კარლსონი, ჟონგლიორი – როგორ ხუმრობენ „ოცნებაში“ სააკაშვილის „ჩამოსვლაზე“

დღეს, პირველ ოქტომბერს, დაახლოებით 9 საათსა და 25 წუთზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოდან გვესალმება. 

მიხეილ სააკაშვილის სტატუსს მალევე მოჰყვა ბათუმში გადაღებული ვიდეო.

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საზღვარი გადმოლახა.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს: შსს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნაწილი მომხდარს ხუმრობითაც გამოეხმაურნენ.

„საქართველოში არის კი არა, ეს კაცი დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ არის ჩვეულებრივი მაიმუნი“, –  ამბობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე.

„რა იცის მდინარაძემ, ნახევარი საათის წინ გაიღვიძა, უკრაინაში ვინ რა საზღვარი გადმოკვეთა, საიდან წამოვიდა, ან როდის“,  – უპასუხა მდინარაძეს ხაბეიშვილმა.

 „დღესაც მზად ვარ ფსონების მისაღებად იმ ხალხისგან, ვისაც სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. მზად ვარ, მათ დავენიძლაო,“ – ამბობს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია.

„ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი და დღეს ითხოვეს, გვაცალეთ იქნებ ცოტა მოგვიანებით ჩაგბარდეთო.“- ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„დამონტაჟებული ვიდეოებით მსოფლიოში რევოლუცია აქამდე არავის არ მოუწყვია. ამიტომაც კარლსონი დილიდან ამ „ჟონგლიორობით” არის დაკავებული“ – თქვა უმრავლესობის წევრმა ლადო მგალობლიშვილი.

“ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა…“ –  ამბობს დღის მოვლენების კომენტირებისას „ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი.

„რაც შეიძლება მეტი HA HA! 2 ოქტომბერს ჩვენი ყველა მხარდამჭერი არჩევნებზე“! – წერს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე. 

„მოგესალმებით ბუენოს აირესიდან“, – ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში და ამით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდეო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, დამონტაჟებული იყო.

„მეც შემიძლია გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს“, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.